РИА Новости -მ გამოაქვეყნა და მალევე წაშალა სტატია სათაურით - "რუსეთს კიდევ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ელის. ის იქნება ძალიან მოკლე“ | ავტორი ლიეტუვას ბირთვული დარტყმით ემუქრებოდა
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა საავტორო სტატია სათაურით - "რუსეთს კიდევ ერთი SVO [სპეციალური სამხედრო ოპერაცია] ელის. ის იქნება ძალიან მოკლე“.
სტატიის ავტორი პოლიტოლოგი ალექსანდრ ნოსოვიჩია და ის ამჯერად ლიეტუვას ბირთვული დარტყმით ემუქრება.
ის ამტკიცებდა, რომ ბალტიისპირეთში კონფლიქტი გარდაუვალია და რუსეთს ლიეტუვის წინააღმდეგ „მორიგი მოკლე სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება მოუწევს.
Radio Free Europe-ს ცნობით, მასალის გამოქვეყნებიდან მალევე, „რია ნოვოსტიმ“ ის ვებგვერდიდან აიღო და განმარტა, რომ ტექსტი "ტექნიკური შეცდომის" გამო გამოქვეყნდა და მასში გამოთქმული მოსაზრებები "არ შეესაბამებოდა სააგენტოს სარედაქციო პოლიტიკასა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას". საიტის არქივში ტექსტი მაინც ხელმისაწვდომია.
ტექსტის ავტორი ალექსანდრ ნოსოვიჩი RuBaltic.Ru-ს მთავარი რედაქტორია. საგამოძიებო ცენტრ „დოსიესა“ და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოძიების თანახმად, ის შედის იმ ჯგუფში, რომელსაც კურატორობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო დაზვერვის სამსახური უწევენ.