საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ | საფრანგეთის საელჩო
“სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.
ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია.
ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - წერს საფრანგეთის საელჩო გავრცელებულ განცხადებაში.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 33 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.