პოლიტიკა ციტატა

საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გარანტია რუსეთთან ახალი სტრატეგიული შეთანხმებაა | პუტინისტი ფიფია

27 სექტემბერი, 2026 - 14:08

"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება საქართველოს საპატრიარქოს მისამართით და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მყიფეა უსაფრთხოების არქიტექტურა ჩვენს რეგიონში.
ჯერ კიდევ 2025 წელს, მოსკოვში, სააგენტო „ТАСС“-ის პრესკონფერენციაზე პირდაპირ ვსაუბრობდი აზერბაიჯანულ-თურქულ გამოწვევებზე. მაშინ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს გრძელვადიანი გადარჩენისა და უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობა და ახალი სტრატეგიული შეთანხმებაა. დღევანდელი რეალობა ამ სიტყვების სისწორეს მხოლოდ ადასტურებს.
ჩემი რჩევა იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლებისადმი:მეგობრებო ახლა სიტუაციის ესკალაციისთვის და ბაქოსთან ღია დაპირისპირებისთვის მზად არ ვართ . თუმცა, ერთი რამ ცხადია — მოსკოვში მოლაპარაკებების ჯგუფის გაგზავნა აღარ ითმენს და ამ პროცესის გაჭიანურება ქვეყნისთვის საზიანოა. ჩვენი საერთო უსაფრთხოების სივრცის აღდგენაზე მუშაობა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ" - წერს სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწე პუტინისტი ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი". მათივე ცნობით, აღნიშნული "საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს". მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ "შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ".

მათივე განცხადებით, "უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა".

საპატრიარქოს განცხადებას მალევე განცხადებით უპასუხა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

"საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას.
მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიება.
აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მსგავსი პატივისცემის გამოვლენა ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს.
ამასთან დაკავშირებით, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს" - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.