რუმინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია, რის გამოც მობილიზებული იყო NATO-ს ავიაცია
რუმინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია, რის გამოც მობილიზებული იყო NATO-ს ავიაცია | ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"26 სექტემბრის ღამეს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადარული მეთვალყურეობის სისტემამ დააფიქსირა საჰაერო სამიზნე, რომელიც გადაადგილდებოდა დასახლება კილია-ვეკეს მიდამოებში, მდინარის საზღვრის სიახლოვეს. სამხედრო სარდლობის ეროვნულმა ცენტრმა აცნობა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექციას ტულჩას ჟუდეცის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობის გაფრთხილების ზომების გატარების შესახებ, ხოლო 23:32 საათზე გაიგზავნა RO-Alert შეტყობინება.
ვითარების მონიტორინგისთვის ჰაერში აფრინდა ესპანეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების ორი F-18 ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც გაძლიერებული საჰაერო პატრულირების საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდნენ და რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT-ის ტიპის ვერტმფრენი.
რადარის მონაცემებით, საჰაერო სამიზნე ეროვნულ საჰაერო სივრცეში შევიდა კილია-ვეკეს სიახლოვეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობდა მდინარე დუნაის კილიას ტოტის თითქმის პარალელურ მარშრუტზე. სამიზნის რადარული სიგნალი დაიკარგა პარდინას მიდამოში. საჰაერო განგაში 00:48 საათზე დასრულდა" - ნათქვამია განცხადებაში.