საზოგადოება

დაიღუპა 45 წლის კაცი, მისი მეუღლე რეანიმაციაშია, 6 წლის შვილს ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს, მეორე შვილი კომაშია - თბილისი-მოსკოვის ავტობუსის ავტოავარიის დეტალები

1 სექტემბერი, 2026 - 14:41

რუსეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალებს, რომლსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რადიო თავისუფლება ავრცელებს. ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავმა გამოცემას უთხრა, რომ ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად მოსკოვში ბრუნდებოდნენ საქართველოში დასვენების შემდეგ.

ავარიაში დაიღუპა 45 წლის ვალერი მაჭავარიანი, სამი შვილის მამა. მისი მეუღლე მრავლობითი მოტეხილობებითა და სხვა დაზიანებებით კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება. უმცროს - 6 წლის შვილს ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. შუათანა შვილი კომაშია, უფროსი შვილის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის მძღოლები აკაკი ტოფაძე და თემურ ბანცაძე. ასევე, მგზავრი გელა ბულესკერია. კიდევ ორი დაღუპულის ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია, მძღოლებიდან რომელი მართავდა საჭეს შემთხვევის დროს.

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა. ავტობუსში 47 მგზავრი იჯდა. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი. ავტობუსის მგზავრების 95% ქართველები იყვნენ.