ევროკავშირმა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო 10 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი დაასანქცირა
ევროკავშირმა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს.
სანქცირებულთა შორის არის თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინნიხანოვი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. განათლების მინისტრები, მოსკოვის ტურიზმის კომიტეტი და რუსეთის სხვადასხვა რეგიონში არსებული საბავშვო და სპორტული ბანაკები.
სიაში პირველად მოხვდა უცხოური ობიექტი, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეაში მდებარე Songdowon-ის საერთაშორისო საბავშვო ბანაკი, სადაც ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, უკრაინელი ბავშვები პრორუსული ნარატივების პროპაგანდისა და იდეოლოგიური დამუშავების მიზნით გადაჰყავდათ.
სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს სრულად გაეყინებათ აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე და აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა ან ტრანზიტით გადაადგილება.
ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკანონოდ დეპორტირებულია 20 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი, რაც საერთაშორისო სამართლით ომის დანაშაულს წარმოადგენს.