საზოგადოება

საია: 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს

28 სექტემბერი, 2026 - 20:35

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს - წერს საია გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით წარდგენილ ანგარიშში. მათივე ცნობით, ევროპის საბჭოში საქართველოს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება

"წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.


აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს. დოკუმენტში განხილულია ციხის პოპულაციის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში, პატიმართა რაოდენობის ზრდაზე და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე.


ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. დოკუმენტი ასევე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ფართო გამოყენების, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებისა და დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრობლემებს.


დოკუმენტი ასევე მიუთითებს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებაზე და პატიმართა რაოდენობის ზრდას განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა ფართო გაუარესების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხებზე დაყრდნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში