ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა. მომდევნო დღეებში კიდევ ბევრი სიახლე გახდება ცნობილი | რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთში, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე [RAF Fairford] მომხდარ ინციდენტში „უცხოური აქტორი“ იყო ჩართული და აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე კიდევ ბევრი სიახლე გახდება ცნობილი“.
მისივე თქმით, „ბევრი ადამიანია შეშფოთებული“ იმის გამო, რომ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ის, რაც მოხდა, რაც თითქმის მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო დიდ ბრიტანეთში გასულ უქმეებზე, ძალიან სერიოზული სიტუაციაა. ეს არის შემთხვევა, სადაც აშკარად იკვეთება უცხოური აქტორის ხელი. ამ ეტაპზე დეტალებში არ შევალ. მსურს მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც ძალიან ოპერატიული იყო და სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანია შეშფოთებული იმ ამბით, რომ ამ პირების ნაწილი გირაოთი გაათავისუფლეს. ზოგიერთი მათგანის მიმართ გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ ყველაფერში.
ვფიქრობ, ეს მიგვანიშნებს არსებულ რეალობაზე - კერძოდ იმაზე, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოს ისეთ ელემენტებთან, როგორებიც, მაგალითად, ირანში არიან, რომლებიც ღიად იმუქრებიან ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმით მთელ მსოფლიოში.
ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან სერიოზულად მივუდგებით. ამას მოჰყვება შესაბამისი შედეგები, თუკი მსგავსი რამ ოდესმე მოხდება ან თუნდაც მცდელობა იქნება.
ის, რაც ამ უქმეებზე მოხდა, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული საფრთხე იყო და მსურს მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
მომდევნო დღეებში ამ საკითხზე კიდევ ბევრი სიახლე გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული შემთხვევა და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდა." | განაცხადა მარკო რუბიომ.
2 დღის წინ, დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ბრიტანულმა ანტიტერორისტულმა პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა ადგილზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთა შესაძლო კავშირზე უცხოურ აქტორებთან ოფიციალური პირებიც მიანიშნებენ.