უცხოეთი

ტალინში დრონების მწარმოებელ საწარმოში ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებული დივერსია იყო | ცაჰკნა

29 სექტემბერი, 2026 - 12:51

„ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტალინში კომპანია Milrem Robotics-ის შენობაში 14-15 აგვისტოს ღამეს მომხდარი ხანძარი იყო რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით ორგანიზებული დივერსიული აქტი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

მინისტრმა დასძინა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დაიბარებს.

ცაჰკნა დარწმუნებულია, რომ ტალინში დივერსია ესტონეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავდა მიზნად.

15 აგვისტოს ღამეს ტალინში ხანძარი გაუჩნდა შენობას, რომელსაც კომპანია Milrem Robotics-ი იყენებს. ეს კომპანია უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს და მათ უკრაინას აწვდის. თავად კომპანიაში განაცხადეს, რომ ხანძარს მიწოდების ჯაჭვზე გავლენა არ მოუხდენია. მოგვიანებით, ლატვიის სპეცსამსახურებმა ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ლატვიის მოქალაქეა.