უცხოეთი

Bild: ბერლინში რუსეთის საელჩოზე მეთვალყურეობა დაწესდა. გერმანიის სპეცსამსახურები ტერიტორიას ვერტმფრენებით აკონტროლებენ

29 სექტემბერი, 2026 - 16:30

გერმანული გამოცემა Bild-ი სამთავრობო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტროლი გერმანიაში რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე. კერძოდ, ბერლინში რუსეთის ფედერაციის საელჩოზე მეთვალყურეობა დაწესდა.

„ბერლინში რუსეთის საელჩო, ისევე როგორც ქვეყანაში ჩამოსული ბიზნესმენები, ამიერიდან სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები ხდებიან“, | ნათქვამია სტატიაში.   Bild-ის ცნობით, ბერლინში რუსეთის საელჩოს თავზე რეგულარულად, დემონსტრაციულად დაფრინავენ ვერტმფრენები, საელჩოს მახლობლად კი მიკროავტობუსები დგას, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანიის სპეცსამსახურებს ეკუთვნის.
ამავე ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება გეგმავს კონტროლის გამკაცრებას იმ რუს ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც გერმანიის ვიზებს ფლობენ. Bild წერს, რომ ქვეყანაში შესვლისას მათ „არაკომფორტულ შეკითხვებს“ დაუსვამენ, მათ შორის გერმანიაში ვიზიტის მიზნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი საქმიანობის შესახებ.