უცხოეთი ციტატა

ჩვენ ძირფესვიანად გამოვიძიებთ ამ თავდამსხმელის საქმეს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ვინ დგას თვითმფრინავის ინციდენტის უკან | ნეთანიაჰუ

1 ოქტომბერი, 2026 - 11:16

"ჩვენ მივადგებით ამ თავდამსხმელის ფესვებს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ვინ დგას თვითმფრინავის ინციდენტის უკან" | ამის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დანით თავდასხმაში ბრალდებული საუდის არაბეთში იკითხება და დასძინა, რომ ელოდება მის მალე გადაყვანას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა.

“ჩემი პატივისცემა ინდოელ პილოტს მისი სიმამაცისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დანით დაჭრეს, მან იბრძოლა, წინააღმდეგობა გაუწია, გააღო პილოტის კაბინის კარი და საშუალება მისცა მგზავრებსა და ეკიპაჟს, გაენეიტრალებინათ თავდამსხმელი - რითაც თავიდან აიცილა კატასტროფა ჰაერში. მან გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე, მათ შორის ისრაელის მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლების. ის ნამდვილი გმირია.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა Guardian-ის ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ თავდამსხმელი ომანის მოქალაქე იყო, თუმცა ომანს ან გაერთიანებულ საამიროებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გაეროში ისრაელის ელჩმა, მომხდარს "ტერორისტული აქტი" უწოდა, ბრალის კონკრეტული მხარისთვის დაკისრების გარეშე.

"ისრაელს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო რადიკალური პირის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა. ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია მისი დაკავშირება ტერორისტულ სახელმწიფოსთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობდა თვითმფრინავის ჩამოგდების განზრახვა“ | განაცხადა დენი დანონსმა.

ცნობისთვის, გუშინ Flydubai-ს რეისზე პილოტი მეორე პილოტს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი მგზავრებმა გაანეიტრალეს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.