საზოგადოება

გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა და კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ | ომბუდსმენის აპარატი

5 ოქტომბერი, 2026 - 12:26
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათმა რწმუნებულებმა მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და 3 სხვა პატიმარი მოინახულეს, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ
 
"3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე. დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს." - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პროტესტის ნიშნად რკინის საგანი გადაყლაპა. ამის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან წუხელ შეიტყო. უწყების ცნობით, გიორგი დავითაძე კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ N6 დაწესებულების პატიმრებმა მისი მხარდაჭერა ხმაურიანი პროტესტით გამოხატეს, რის გამოც ისინი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. დავითაძემ სავარაუდოდ რკინის საგანი ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად გადაყლაპა