პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქოში რუსეთიდან ჩამოსულ კიდევ 2 სასულიერო პირს უმასპინძლა
პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქოში რუსეთიდან ჩამოსულ კიდევ 2 სასულიერო პირს უმასპინძლა:
"ამა წლის 2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუსეთიდან ჩამოსული ორი სასულიერო პირი: დეკანოზი იოანე კალედა - მოსკოვის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სერგი ბერნაცკი - იახრომოს ოლქის ტაძრების კეთილმოწესე სერგიევო-პოსადის ეპარქიიდან და მათი თანმხლები პირები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემ-იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სტუმრებმა მის უწმინდესობას აღსაყდრება მიულოცეს და მისგან ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოანე კალედა დიდ პატივს მიაგებს ღირს დავით გარეჯელს. იგი ტაძრის მრევლთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში, რათა მოილოცონ დავითგარეჯის მონასტერი და ქვეყნის სხვა სიწმინდეები, ასევე გამოცემული აქვთ წიგნი ღირსი დავით გარეჯელის შესახებ" | წერს საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციაში.