საზოგადოება ციტატა

საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე | ალეკო ელისაშვილი

7 ოქტომბერი, 2026 - 16:52

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ. პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს. ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“ - წერს ალეკო ელისაშვილი.