ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს 5.74 მილიონი ლარი იქნება
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს 5.74 მილიონი ლარი იქნება | ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალ უწყებას 65 თანამშრომელი ეყოლება. მათი შრომის ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბიუჯეტო პროექტით განსაზღვრულია, რომ გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 მილიონ 20 ათასი ლარი უშუალოდ ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს ძირითადი ფუნქციები იქნება:
• გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება;
• სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
• გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, პოპულარიზაცია და მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.
გასტრონომიის ეროვნული სააგენტო 20 ივლისს შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს მიზანი ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერება, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებაა. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.