უცხოეთი

დაგვჭირდება გასაცვლელი ფონდის შევსება ევროპელი და ამერიკელი დებილების ხარჯზე, რათა ჩვენები დავიხსნათ | მედვედევი რუსი პროპაგანდისტის დაკავებაზე

9 ოქტომბერი, 2026 - 16:46

„ტყუილუბრალოდ დადიან, რა თქმა უნდა, ჩვენები ევროპის ქვეყნებში - თუნდაც კეთილი განზრახვებითა და მნიშვნელოვანი მიზნებით. პოტენციურად ყველა [ხაზს ვუსვამ – ყველა] რუსეთის მოქალაქეზე ნადირობაა გამოცხადებული.

საქმეს ვერც ვიზები შველის, ვერც მოწვევები და ვერც სხვა რაიმე გარანტიები. ნებისმიერი მათგანის დაკავება შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მისი, ვინც სიმართლეს ამბობს დასავლეთის ქვეყნებზე, ევროკავშირსა და ბანდერას ნეონაცისტურ რეჟიმზე. თბილად მხოლოდ რუსეთიდან გაქცეულ მოღალატეებს ხვდებიან, თუმცა მათაც - დროებით

ახლა, სრულიად მოსალოდნელია, რომ დაგვჭირდება გასაცვლელი ფონდის შევსება ევროპელი და ამერიკელი დებილების ხარჯზე, რათა ჩვენები დავიხსნათ. სხვაგვარად არაფერი გამოვა: მგლებთან თუ ცხოვრობ, მგლურადვე უნდა იყმუვლო...“ | წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მედვედევი რუსი სამხედრო პროპაგანდისტის, მიხაილ ზვინჩუკის დაკავებასთან დაკავშირებით.

ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, Z-ბლოგერი და -არხ Рыбарь-ის დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დღეს დილით, ცოლთან და სამ თანამშრომელთან ერთად დააკავეს. ადგილობრივი გამოცემების - Vijesti და Pobjeda-ს ინფორმაციით, მონტენეგროს პოლიცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი საინფორმაციო ქსელის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთაა.