პოლიტიკა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შესახებ არის სირცხვილი და ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის თანამონაწილედ გვაქცევს | ბლუმენტალი

10 ოქტომბერი, 2026 - 12:41

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შესახებ არის სირცხვილი და ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ გვაქცევს. ეს უსუსურად შენიღბული მცდელობაა, შეასუსტოს ის ქაოსი, რომელიც ტრამპის მიერ ირანში წამოწყებულმა უკანონო ომმა გამოიწვია. ეს ნაბიჯი მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკას წაადგება და უკრაინაში კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას გამოიწვევს.

ეს შეთანხმება მკვლელ დიქტატორთან არის ლაქა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, შეურაცხყოფა ლინდსი გრემის ხსოვნისადმი და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონგრესის ნებას, რომელიც ჩვენს მიერ ორპარტიული წესით მიღებულ სანქციების კანონპროექტშია ასახული. პრეზიდენტმა ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს. ხოლო იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც პუტინის სისხლიანი ფულის აღებაზე ფიქრობენ, ვეუბნები: კონგრესი თქვენ გაკვირდებათ.“ | ნათქვამია აშშ-ის სენატორის, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებაში, რომლითაც ის ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა პუტინთან შეთანხმების მიღწევისა და რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნისა და მისი შესყიდვის თაობაზე.

რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, ოთხი მილიონ რვაასი ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა მოსკოვს დროებით სანქცია მოუხსნა და მოტივად საწვავის ფასების შემცირება დაასახელა.  

გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა 9 პქტომბერს, სატელეფონო საუბარი პუტინთან.

"ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სადაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და გლობალურ ბაზარს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1 000 000 ტონას უშუალოდ ამის შემდეგ. გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის.

ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების ფონზე, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, მართლაც, მთელი მსოფლიოსთვის, დაეცემა სარეკორდო მაჩვენებლებით და თანაც სწრაფად! ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი დიადი ფერმერებისთვის, რანჩოს მფლობელებისთვის და სატვირთოს მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია.

ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი!

გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში