უცხოეთი

ტრამპის გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი" უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს უზღუდავს, რუსეთს კი უკრაინის ენერგოსისტემებზე - არა | Axios

12 ოქტომბერი, 2026 - 09:38

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ კვირას გაკეთებული განცხადება რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ გულისხმობდა პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტას ითვალისწინებს; ტრამპი მოელის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამ შეთანხმებას დაიცავს | წერს გამოცემა Axios.

ამავე ინფორმაციით, ოფიციალური პირის განცხადებით, თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყდება, შესაძლოა, შემდეგი ნაბიჯი ელექტროსადგურებსა და ენერგოსისტემებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იყოს.

თუმცა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზებული პირობები ცალმხრივია, რადგან უკრაინას მხოლოდ ერთი - კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რომელსაც მუდმივი რუსული თავდასხმების გამო ისედაც დიდი ხანია მუშაობა შეწყვეტილი აქვს. რუსეთს კი აქვს მრავალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას საწვავით ამარაგებს.

11 ოქტომბერს ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში „ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, რაც ორივე მხარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას გულისხმობდა. თუმცა, მალევე რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მდებარე ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში.