უცხოეთი

როსავიაცია: უკრაინის დოკუმენტებს იურიდიული ძალა არ აქვს. რუსეთის საჰაერო სივრცე ჩვეულ რეჟიმში იღებს და აგზავნის ფრენებს

2 სექტემბერი, 2026 - 23:23

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ უკრაინის საავიაციო უწყებების გაფრთხილებას უპასუხა და მას „არალეგიტიმური“ უწოდა. უწყება ირწმუნება, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სისტემა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - იღებს და აგზავნის რეისებს, მათ შორის უცხოური ავიაკომპანიების თვითმფრინავებს.

"უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა მათი ხელმძღვანელობის ტერორისტულ რიტორიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების ჩამოშლას და გამოსცა არალეგიტიმური ნოტამი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სახიფათოა. საპასუხოდ, „როსავიაციამ“ გამოსცა ნოტამი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ყველა დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა და არღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სისტემა და სახმელეთო ინფრასტრუქტურა აგრძელებს ფუნქციონირებას, იღებს და აგზავნის ფრენებს, მათ შორის უცხოური ავიაკომპანიების რეისებს. „როსავიაცია“, სხვა ფედერალურ და რეგიონულ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ახორციელებს დამატებით ზომებს რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად და ადგილზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად." | ნათქვამია უწყების განცხადებაში.

1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის ცა სახიფათო ხდება და ის დე-ფაქტო დაიხურება. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა საფრთხეს არ უქმნის და არ ესვრის სამოქალაქო თვითმფრინავებს. თუმცა, რუსეთის ცა სავსეა უკრაინული შორეული რადიუსის დრონებით, რომლებიც რუსულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს ახორციელებენ, სამოქალაქო ავიაციის ადგილი კი, ზელენსკის თქმით, დრონებს შორის არ არის. როგორც 2 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას [ICAO], რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის, და მოუწოდებს ყველას, თავი აარიდონ მას.