საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა - პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა - პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნიუნიესის განცხადებით, აქციაში 550 000 ადამიანი მონაწილეობდა.
ნიუნიესის განცხადებით, საპროტესტო აქციის ძირითადმა ნაწილმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე ქალაქში სიტუაცია დაიძაბა. მისივე სიტყვებით, დემონსტრანტთა ცალკეულმა ჯგუფებმა, რომლებიც, მისი თქმით, რადიკალურ და ულტრამემარცხენე ძალებს მიეკუთვნებიან, ვითარება გაამწვავეს. მინისტრმა გააკრიტიკა ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც, მისი თქმით, ღიად მოუწოდეს საზოგადოებას აჯანყებისკენ.
მისი თქმით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, რუანში, ნანტში, ტულუზასა და მარსელში მაღაზიების ძარცვის მცდელობის შემთხვევებიც დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პრემიერმინისტრს შეხვდება და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.