პოლიტიკა

რუსეთმა ხარკოვში ხალხმრავალი პარკი დაბომბა - არის მსხვერპლი

19 ოქტომბერი, 2026 - 21:30

რუსეთმა ხარკოვში ხალხმრავალი პარკი დაბომბა - არის მსხვერპლი

"საშინელი რუსული დარტყმა ხარკოვის ოლქში. „შაჰედი“ პირდაპირ ადამიანებს დაეჯახა - ჩვეულებრივი კაფეს სიახლოვეს, პარკში. წმინდა წყლის სისასტიკე. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საბავშვო ეტლში დაიღუპა პატარა გოგონა - მას ანგელინა ერქვა, ის წლისას ოდნავ აღემატებოდა, 2025 წლის აგვისტოში იყო დაბადებული... დედამისს ინა ერქვა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა... კიდევ ერთი გოგონა, რომელიც დაიღუპა, 11 წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავდა კიდევ 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.

მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ამ პირობებში მხარს უჭერს უკრაინას და გვეხმარება „შაჰედების“ ჩამოგდებაში, რაკეტების ჩამოგდებაში და რუსული იერიშების შეჩერებაში. ეს საშინელი ფოტოებია, თუმცა მათ მიღმა დანგრეული სიცოცხლეები და ამ ომის სიმართლე დგას. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა. შეუძლებელია იფიქრო რუსეთთან ფულის კეთებაზე მანამ, სანამ ის ამ სულელურ ომს აგრძელებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩეს მანამ, სანამ მკვლელობები გრძელდება. ჩვენ ვთხოვთ ამერიკას, იყოს ძლიერი და აამოქმედოს ლინდსი გრემის კანონი. ჩვენ ვთხოვთ ევროპას, გააგრძელოს მხარდაჭერა. ჩვენ ვითხოვთ, გაკეთდეს ყველაფერი შესაძლებელი მშვიდობის დასამყარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინას სურს მშვიდობა. სწორედ რუსეთია ის, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მკვლელობების გაგრძელებას ითხოვს. მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს ომის შესაჩერებლად. ეს ძალა, საბოლოო ჯამში, გამოყენებული უნდა იქნეს - მკვლელების წინააღმდეგ.“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.