საზოგადოება

პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნისას მაღალ თანამდებობას იკავებდა

21 ოქტომბერი, 2026 - 15:39

ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა | ნეტგაზეთი წერს, რომ 2008-2009 წლებში როინიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, მანამდე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

2003 წელს ვასილ როინიშვილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, 2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი, 2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.

ვასილ როინიშვილი მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 29 მაისს დანიშნა, მანამდე – 2006-2008 წლებში ვასილ როინიშვილი აჭარის პროკურორი იყო. მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება არაერთი რეზონანსული საქმე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო სერჟანტ როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმე. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ანუ როინიშვილის პროკურორობის დროს ეფექტურად არ იქნა გამოძიებული.

მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე , ოპოზიციურმა პარტიებმა ვასილ როინიშვილის აცილება მოითხოვეს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა როინიშვილის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.