ისრაელის მთავრობამ არმიას უბრძანა მოემზადოს დასავლეთ სანაპიროს სრული ბლოკადისა და ქალაქ ჰებრონის ალყაში მოქცევისთვის
ისრაელის მთავრობამ არმიას უბრძანა, მოემზადოს დასავლეთ სანაპიროს სრული ბლოკადისთვის, რაც ქალაქ ჰებრონის მახლობლად მომხდარ სროლას უკავშირდება.
პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებს დაევალათ ქალაქის ბლოკირება და სრული მზადყოფნა პალესტინის მთელი ტერიტორიის სრულად ჩასაკეტად.
ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ორი შეიარაღებული პირი მოკლა, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლი გახსნეს. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არმიის განცხადებით, მათ აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმა ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე. თავდამსხმელებს თან ჰქონდათ M16 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი. სავარაუდო თავდასხმის კონკრეტული სამიზნის შესახებ დეტალები არ სახელდება.
"როგორც ჩანს, ჰამასის ტერორისტები გეგმავდნენ მასშტაბურ თავდასხმას, რომლის მიზანიც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა იყო, რასაც აღმოჩენილი დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაც მოწმობს. ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა ეს თავდასხმა აღკვეთეს. მე მათ მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის, ხოლო ჩვენს დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მე მივეცი განკარგულება IDF-ს [ისრაელის თავდაცვის ძალებს] და უსაფრთხოების სტრუქტურებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ქალაქ ჰებრონის ბლოკირება და მიიღონ უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა თავიდან აიცილონ იუდეასა და სამარიიდან [დასავლეთ სანაპიროდან] მომდინარე ტერორისტული თავდასხმები“ | აღნიშნა ნეთანიაჰუმ.