უცხოეთი

რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს წარმოება ჩინეთში გადააქვს, რათა დასავლური სანქციების პირობებში მიკროჩიპების გარეშე არ დარჩეს | C4ADS

24 ოქტომბერი, 2026 - 15:44

რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს წარმოება ჩინეთში გადააქვს, რათა დასავლური სანქციების პირობებში მიკროჩიპებისა და თანამედროვე ჩარხების გარეშე არ დარჩეს. აშშ-ის კვლევითი ცენტრის [C4ADS] მოხსენებით, სანქცირებული რუსული თავდაცვის კომპანიები ჩინეთში ახალ, შვილობილ კომპანიებს არეგისტრირებენ და ადგილობრივ, ჩინელ პარტნიორებს ეძებენ.

C4ADS მოხსენების თანახმად, მიკროელექტრონიკის მწარმოებელმა რუსულმა კომპანია „ელემენტმა“ ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო ჩიპების აწყობა ჩინეთში. 2026 წელს კი ჩინური თავდაცვის კომპანიისგან ძალოვანი ელექტრონიკის სფეროს პროექტები და ნამუშევრები 100 მილიონ რუბლზე მეტად შეისყიდა.
კიდევ ერთი მწარმოებელი, „სტანკომაშსტროი“, ჩინეთში მაღალი სიზუსტის ჩარხების გამოშვებას გეგმავდა. მის კლიენტებს შორის არიან ქარხნები, რომლებიც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებენ. თუმცა, კომპანიას იქ წარმოების დაწყება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. მკვლევრებმა ვერ შეძლეს იმის დადასტურება, ნამდვილად დაიწყო თუ არა მუშაობა ქარხანამ, თუმცა მისმა მფლობელმა ჩინეთში ცალკე კომპანია უკვე დაარეგისტრირა.

C4ADS-ის შეფასებით, ეს თანამშრომლობა რუსეთს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ჩინეთის საწარმოო სიმძლავრეები და ტექნოლოგიები, ხოლო ჩინეთს - მიიღოს რუსული საინჟინრო ნამუშევრები და შეიარაღების შექმნის გამოცდილება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა 2027 წელსაც გაგრძელდება და გაფართოვდება, თუ აშშ და ევროპა მათზე ზეწოლას არ გააძლიერებენ.