მედია: რუსეთს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფინანსური რესურსი ეწურება - 2027 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს
რუსეთს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფინანსური რესურსი ეწურება - 2027 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის მიერ წარდგენილი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი აჩვენებს, რომ კრემლის საომარი მანქანა ფინანსური შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა. მათივე ცნობით, მიუხედავდ იმისა, რომ მოსკოვი მომავალ წელს სამხედრო ხარჯების რეკორდულ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს, ეკონომიკური ექსპერტები და ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ქვეყანას ომის შემდგომი ესკალაციისთვის დამატებითი სახსრები აღარ გააჩნია.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რუსეთის მთლიანი სახელმწიფო ხარჯები რეკორდულ 48.8 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $600 მილიარდი) მიაღწევს. აქედან უპრეცედენტო თანხა - 21.4 ტრილიონი რუბლი ($262.5 მილიარდი) - უშუალოდ ომსა და უსაფრთხოების სექტორზე გადანაწილდება. გამოცემა წერს, რომ ეს მაჩვენებელი მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 43%-ზე მეტს შეადგენს.
მედიის ინფორმაციით, სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი. 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დეფიციტმა 5 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო წლის ბოლოსთვის შესაძლოა 7 ტრილიონს ($86 მილიარდი) მიაღწიოს, რაც თავდაპირველ პროგნოზს ორჯერ აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკურ პრობლემებს ემატება უპრეცედენტო ადამიანური დანაკარგები. მონაცემების თანახმად, რუსეთის არმიის საერთო დანაკარგებმა 1.5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მხოლოდ 2026 წელს ქვეყანამ 400 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. კომპენსაციებისა და ახალი წვევამდელების მოზიდვის ხარჯებმა 2026 წლის გაზაფხულზე ბიუჯეტს დამატებით 2 ტრილიონი რუბლი წაართვა.
ანალიტიკოსების დასკვნით, პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, რუსეთი ომს არა ბრძოლის ველზე, არამედ ეკონომიკურად აგებს. დასავლეთისა და უკრაინის მიერ სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებამ შესაძლოა საბოლოოდ გადაუჭრას კრემლს ფინანსური არხები და მოსკოვი იძულებული გახადოს, რეალურ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.