უცხოეთი

Forbes: 2026 წელს რუსეთის აეროპორტები დრონების საფრთხის გამო 2 860-ჯერ დაიხურა

25 ოქტომბერი, 2026 - 10:17
2026 წელს რუსეთის აეროპორტები დრონების საფრთხის გამო 2 860-ჯერ დაიხურა | ინფორმაციას Forbes როსავიაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს 4.5-ჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, როდესაც გეგმა „ხალიჩა“ (რუსეთის საავიაციო უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი) 643-ჯერ ამოქმედდა. 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 1 174 რეისი გადამისამართდა სათადარიგო აეროდრომებზე, თუმცა წელს „როსავიაციას“ თავის Telegram-არხზე აღნიშნული ციფრი არ გამოუქვეყნებია. Forbes-ის შეფასებით, გადამისამართებული თვითმფრინავების რაოდენობა შესაძლოა დაახლოებით ოთხჯერ გაზრდილიყო.
 
კომპანია RunAvia-ს გენერალური დირექტორის, ანდრეი პატრაკოვის თქმით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სათადარიგო აეროპორტებში გადამისამართებული რეისების რაოდენობა შესაძლოა 4 000-5 000-მდე გაზრდილიყო. პატრაკოვმა აღნიშნა, რომ წელს დრონების გამო დაწესებული შეზღუდვების საერთო ხანგრძლივობამაც 4.1-ჯერ იმატა. მან დასძინა, რომ შეფერხებები უფრო ხანგრძლივი გახდა და რეისები ახლა უფრო ხშირად გვიანდება ან უქმდება გამგზავრების აეროპორტში, ვიდრე მარშრუტის ცვლილებით გადამისამართდება. Forbes-ის ვარაუდით, გეგმა „ხალიჩას“ გამო ავიაკომპანიების ზარალმა მიმდინარე წელს შესაძლოა 200 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს.
 
ოქტომბერში უკრაინულმა დრონებმა სულ მცირე ხუთჯერ გამოიწვია შეფერხება მოსკოვში. 23 ოქტომბერს, ნაშუადღევს, ოთხივე აეროპორტი - ვნუკოვო, დომოდედოვო, შერემეტიევო და ჟუკოვსკი დაიხურა. პარასკევს 340-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა, ხოლო შაბათს შეფერხება კიდევ 200-ზე მეტ ფრენას შეეხო.