ეკონომიკა

საქართველომ 2026 წლის 9 თვეში 18 მილიონი დოლარის არაყი იყიდა - არყის უმსხვილესი მომწოდებელი რუსეთია

25 ოქტომბერი, 2026 - 16:06
საქართველომ 2026 წლის 9 თვეში 18 მილიონი დოლარის არაყი იყიდა - არყის უმსხვილესი მომწოდებელი რუსეთია | ინფორმაციას BMG საქსტატის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.9%-ით აღემატება. მათივე ცნობით, გაიზარდა როგორც ქვეყანაში შემოტანილი არყის მოცულობა, ისე საქართველოდან ექსპორტი - თუმცა ექსპორტის ღირებულების ზრდის ტემპი მოცულობის ზრდას მნიშვნელოვნად უსწრებს.
 
საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 1.94 მილიონი ლიტრი არაყი შემოვიდა, რაშიც იმპორტიორებმა 18.34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის ღირებულება 15.17 მილიონი დოლარი, მოცულობა კი 1.63 მილიონი ლიტრი იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ღირებულება 20.9%-ით, რაოდენობა კი 18.9%-ით გაიზარდა.
 
გამოცემა წერს, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 664.2 ათასი ლიტრი არაყი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტის ღირებულებით მეორე ადგილზე ფინეთია, საიდანაც 245.4 ათასი ლიტრის შესაძენად 2.7 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მესამე პოზიციას ლატვია იკავებს - 158.3 ათასი ლიტრი, 2.6 მილიონი დოლარი.
 
რუსეთიდან საქართველოში არყის იმპორტის დინამიკას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:
• 2025 იანვარი-დეკემბერი - $6.6 მილიონი, 873 993 ლიტრი
• 2024 იანვარი-დეკემბერი - $5 მილიონი, 904 910 ლიტრი
• 2023 იანვარი-დეკემბერი - $3.9 მილიონი, 693 171 ლიტრი
• 2022 იანვარი-დეკემბერი - $3.8 მილიონი, 584 179 ლიტრი
• 2021 იანვარი-დეკემბერი - $3 მილიონი, 399 422 ლიტრი