პოლიტიკა

"ლილო მოლის“ მეწილეებმა ოცნებას 3.5 მილიონი ჩაურიცხეს | TI

27 ოქტომბერი, 2026 - 11:53
"ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ პოლიტიკური დონაციისთვის, ჯამში, 3,882,010 ლარი გაიღეს, საიდანაც 96.6% მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ (2017-2026 წლებში - 3,512,000 ლარი) და 2018 წელს მათ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე (240,000 ლარი) მოდის, 2012 წელს კი 120,000 ლარი შეწირეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. „ლილო მოლის“ მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს საქართველოში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას: ბიზნესის ნაწილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას - ისინი ფულს ყოველთვის მას სწირავენ, ვინც იმ მომენტში ხელისუფლებაშია.
 
შპს “ლილო-მოლი” 1995 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მის საკუთრებაშია თბილისში მდებარე ე.წ. ლილოს ბაზრობა. კომპანიის წილები 15 ფიზიკურ პირს შორის არის განაწილებული, მათგან 13-მა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გაიღო:
კომპანისს წილებს ფლობენ, თუმცა შემწირეველებს შორის არ არიან: საქართველოსა და ნიდერლანდების ორმაგი მოქალაქე გიორგი საყვარელიძე (7.79%) და იოსებ საყვარელიძე (7.79%), კომპანიის დირექტორის პოზიციას გიორგი კვარაცხელია იკავებს.
 
პოლიტიკური დონაციების პარალელურად, „ლილო მოლის“ მფლობელებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 50 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 49 მილიონი ლარი, მოდის მსხვილი შემწირველის, ვაჟა უსანეთაშვილის კომპანიაზე, რომელიც მეტწილად საგზაო სამუშაოებს ასრულებს - შპს “არსაკიძე 2000”-ის ტენდერებში ჩართულობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა 2026 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, რომლითაც დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, „ქართული ოცნებისთვის“ 60,000 ლარის ჩარიცხვის დღეს, კომპანიამ ისნის გამგეობისგან 712,000-ლარიანი კონტრაქტი მიიღო, ხოლო ივლისში ჯამურად 1.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. მთლიანობაში შპს “არსაკიძე 2000”-მა, 2013 წლიდან დღემდე. ჯამში 49 მილიონი ლარის 108 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 387,000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც. შპს “არსაკიძე 2000” 2000 წელს დაფუძნებული კომპანიაა, უსენეთაშვილი მის 55% წილს ფლობს, 45% წილის მფლობელი და დირექტორი კი ნიკოლოზ სარალიძეა.
 
შპს “ლილო მოლს” სახელმწიფო შესყიდვებით სულ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულება 150,800 ლარს შეადგენს. ამათგან ბოლო შეკვეთა კომპანიამ 2026 წლის იანვარში „საქართველოს ფოსტისგან“ მიიღო. გარიგების თანახმად, „ლილო მოლი“ 150,000 ლარის სანაცვლოდ „საქართველოს ფოსტას“ მთელი წლის განმავლობაში მისცემს უფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილები შეიყვანოს და ტვირთი გადატვირთოს.
ტენდერებში „ლილო მოლის“ სხვა მფლობელების კომპანიებიც მონაწილეობენ, თუმცა შედარებით მცირე თანხებით. კერძოდ, გიორგი გაგუას კომპანიებმა (შპს „სევსამორა მენეჯმენტი“, შპს სევსამორა“ და შპს ხერკი“) გამარტივებული შესყიდვებითა და ტენდერებით ჯამში 308,716 ლარი მიიღეს. დავით გავაშელის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა შპს „ლილო პროდაქტ სერვისმა“ 301 შესყიდვით 286,691 ლარი მოიპოვა, ხოლო ილია ბადრიაშვილის შპს „ტაო 2052“-ს 9 გამარტივებული შესყიდვით 12,489 ლარი აქვს მიღებული.
 
“ლილო მოლის“ 15-დან 13 მეწილის მიერ მმართველი პარტიის სალაროში ჩარიცხული მილიონები იმ მანკიერი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული - მსხვილი ბიზნესის წარმატება, კეთილდღეობა და პრიორიტეტული პოზიცია არა თავისუფალ კონკურენციაზე, არამედ ხელისუფლებისადმი ფინანსურად დადასტურებულ პოლიტიკურ ლოიალობაზეა დამოკიდებული" | წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.