უცხოეთი

რუმინეთის დაზვერვამ რუსული დივერსიული ქსელი გამოავლინა

27 ოქტომბერი, 2026 - 14:01

რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა რუსული დივერსიული ქსელი გამოავლინა, რომელიც 14 სექტემბერს ბრაშოვში მდებარე შეიარაღების ქარხანა „კარფილზე“ თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობდა.
ეჭვმიტანილები არიან ბელარუსის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად ცხოვრობდნენ.ორი მათგანი სამართალდამცავებმა გერმანიაში დააკავეს, სადაც ისინი სხვა მსგავს დანაშაულებს გეგმავდნენ. მესამე ეჭვმიტანილი კი პოლონეთში დააკავეს.

ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ სამივე მათგანზე დაკავების ევროპული ორდერი გასცა, რუმინეთის ხელისუფლებამ კი მათი ექსტრადიციის პროცედურები დაიწყო.

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუს კურატორებს მათთვის მთელ რეგიონში რამდენიმე სამიზნე ჰქონდათ განსაზღვრული, მათ შორის სახელმწიფო და კერძო იარაღის მწარმოებელი საწარმოები, ისევე როგორც სხვა სამხედრო და ინდუსტრიული მნიშვნელობის ობიექტები.