მინისტრის მოადგილეებს დამატებითი თანამდებობების შეთავსების უფლება ექნებათ - პარლამენტმა ცვლილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
ახალი რეგულაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის უფლებამოსილების შესრულება მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილესაც შეეძლება.
ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ პარალელურად უხელმძღვანელოს შესაბამისი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) ან საქვეუწყებო დაწესებულებას.
მთავრობის განმარტებით, დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის თანამდებობის პირებს დამატებითი ანაზღაურება არ დაენიშნებათ.
გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.