რას ითხოვენ პუტინისა და კობახიძისგან ფარცხალაძისა და ფიფიას მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში
რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების გაღრმავება, ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნა, რუსული ენის პოპულარიზაცია და რელიგიური კავშირების აღდგენა - ამ ინიციატივებს მოიცავს დოკუმენტი, რომელსაც მოსკოვში, „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაციზე მოეწერა ხელი. ფონდის თანადამფუძნებლები დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, მკვლელობის ორგანიზებისთვის ძებნილი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე არიან.
რუსული სამთავრობო მედიის, Sputnik-ის ცნობით, 28 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებასა და ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების წინადადებებს მოიცავს. დოკუმენტით გათვალისწინებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს მთავრობისთვის მიმართვა, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხზე ინიციატივები განიხილონ.