უცხოეთი

უკრაინამ აუქციონზე რუსი პროპაგანდისტის ბინა 190 000 დოლარად გაყიდა

28 ოქტომბერი, 2026 - 20:39
უკრაინამ აუქციონზე რუსი პროპაგანდისტის ბინა 190 000 დოლარად გაყიდა ქვეყანაში აღდგენითი სამუშაობის დასაფინანსებლად | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო ქონების ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს გამართულ ონლაინ აუქციონზე ქონება 8.01 მილიონ გრივნად (დაახლოებით $190,000) გაიყიდა, რამაც გადააჭარბა მის საწყის ფასს - 7.07 მილიონ გრივნას (დაახლოებით $168,000). მათივე ცნობით, არტემი ლებედევის ჩამორთმეული ბინა კიევის ცენტრში მდებარეობს.
 
გამოცემა წერს, რომ აუქციონში ორმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, რამაც საბოლოო ფასი 936,150 გრივნით (დაახლოებით $22,000) გაზარდა. ქონება უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში მაღალი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლებედევის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში გადავიდა. სახელმწიფო ქონების ფონდმა დაადასტურა, რომ სანქცირებული რუსული აქტივების გაყიდვიდან მიღებული სახსრები იგზავნება „შეიარაღებული აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდში“, რომელიც უკრაინის აღდგენით პროექტებს აფინანსებს.
 
არტემი ლებედევი არის რუსი დიზაინერი და ბლოგერი, რომელიც ცნობილია პროკრემლისტური პოზიციებით. უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს განხორციელებული საქმიანობის გამო მას უკრაინაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. 2022 წლის ივნისში ის უკანონოდ შევიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც კრემლისტურ მედიისთვის ობიექტის ხელში ჩაგდების შესახებ რეპორტაჟი გადაიღო. ამის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა.