პოლიტიკა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 1 თვით გახანგრძლივდა

2 ნოემბერი, 2026 - 13:43

თბილისის მერიასა და კონტრაქტორ კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა დაახლოებით ერთი თვით გაიზარდა. კერძოდ, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, შესრულების პერიოდი 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზრდა. ცვლილება პროექტის სამივე მონაკვეთს ეხება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვადების გახანგრძლივების მთავარი მიზეზი გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები გახდა: „სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც წარმოქმნა საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გაზარდა შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები; საპროექტო ობიექტზე საკუთარი ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა არაერთი კომუნიკაციის კომპანია, რაც შპს „სმარტ სოლუშენსს“ უზღუდავდა ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას“, - წერია მერიისა და კომპანიის მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში.