უცხოეთი

პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან სპეციალური პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო

2 ნოემბერი, 2026 - 23:50

პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან სპეციალური პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო. აღნიშნული ზომები მიღებულია სამხედრო დაზვერვისა და მოკავშირეების გაფრთხილების ფონზე, რომელიც შესაძლო დივერსიებსა და შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის შესაძლო გარღვევის მცდელობებს ითვალისწინებს | ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა RMF24 ავრცელებს.

ამავე გამოცემის ცნობით, პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომისარმა, მარეკ ბორონმა დაადასტურა, რომ რეაგირების კოორდინაციის მიზნით, პოლიციის მთავარ სამმართველოში სპეციალური ოპერატიული შტაბი შეიქმნა.

"ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას პოლონეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა და მოკავშირე ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოებმა უახლოეს დღეებში რუსეთის საზღვართან მოსალოდნელი უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფრთხილებები მოიცავდა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესაძლებლობას რუსეთის კალინინგრადის ოლქიდან - რუსული ექსკლავიდან, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.
საპასუხოდ, პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე რეგიონიდან დამატებითი პოლიციის ქვედანაყოფები გადაისროლა."| წერს გამოცემა.

პოლიციის უფროსმა დაადასტურა, რომ რეგიონში უკვე მოქმედებენ უსაფრთხოების ძალები, მათ შორის სპეციალიზებული კონტრტერორისტული პერსონალი, რომელიც სამხედროებთან, მესაზღვრეებთან და სადაზვერვო სააგენტოებთან ერთად მუშაობს.
პოლონეთის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციას პრევენციული ხასიათი აქვს და ამ ძალების განლაგებასთან დაკავშირებით დივერსიის ან საზღვრის შეიარაღებული გადაკვეთის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა.