მიზანმიმართული შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მეუფეს აკადრეს თავიანთი სიბინძურით | ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი
ჩართეს სახელმწიფო პროპაგნდისტული მანქანა... მიზანმიმართული შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მეუფეს აკადრეს თავიანთი სიბინძურით | თქვა დღევანდელი ქადაგების დროს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა.
"მე არ შემიძლია და გვერდს ვერ ავუვლი, რომ არ გამოვეხმაურო ბოლო დროინდელ განვითარებულ მოვლენებს. იმ ზღვარგადასულ, ანტიქრისტიანულ, ანტიადამიანურ ბინძურ პროპაგანდისტულ მანქანას და იმ პიარკამპანიას, რაც ხორციელდება მეუფე იობის წინააღმდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე პირდაპირ მოუწოდებ ამ სიბინძურეში ვინც არიან ჩართული - შეჩერდით... ნუთუ მას [იობს] არ შეეძლო ურბნისისა და რუისის კათედრიდან გამოეთქვა ის გულის წუხილი, ის ტკივილი, რაც ჩვენ ერს და ქვეყანას ჭირს, რა მდგომარეობაც არის. ნუთუ ეს ყველაფერი ზედაპირზე არ დევს ისედაც...
დიდი ნაწილი საზოგადოებისა არის ჩართული ონლაინ კაზინოების თამაშში, იღებენ ვალებს, ინგრევა ოჯახები. და წარმოიდგინეთ როგორი მასშტაბები შეიძინა, რომ როგორც შევიტყვე 80 მილიარდამდე ბრუნვა აზარტული თამაშების. როცა პარლამენტი იღებს ასეთ ხელშემწყობ კანონს, ანუ სასათბურე პირობებს უქმნის, იმის ნაცვლად, რომ განა ჩვენმა კათალიკოს-პატრიარქმა ახლად გამორჩეულმა შიო მესამემ არ გითხრათ, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული, სიმდიდრე და ეკონომიკური თითქოს აყვავება შეიძლება სასჯელად ექცეს ერს....
ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ, როცა კათალიკოს პატრიარქმა მოგიწოდათ სიყვარული და სითბოთი გითხრათ არ გაიგონეთ, მაშინ სხვა მღვდელმთავარმა ცოტა მკაცრად გითხრათ და რა გააკეთეთ, ჩართეთ სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, რბილი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მეუფეს აკადრეს თავიანთი სიბინძურით...
მე ვიცი რამაც გაღიზიანათ ყველაზე მეტად. ზოგს უნდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად თქვას, რომ თითქოს რა თქვა მეუფემ, რომ დავამხოთ ხელისუფლება?, რევოლუცია მოვაწყოთ. მან თქვა, რომ თუ ესე გაგრძელდება ეს ყველაფერი, ამ ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწის გასხვისება უცხო ტომეულზე და ასე შემდეგ მრავალი პრობლემები ხომ, მაშინ გამოდის, რომ მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ. კაი მთქმელს, კაი გამგონე უნდაო. თქვენ ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი. და ხალხს ესე ზევიდან კი ნუ უყურებთ. თქვენ ხართ, როგორც ჩვენ ისე რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები.“ - თქვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა
მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და მათ ურწმუნო და არაეკლესიური უწოდა. მეუფე იობმა ე.წ. „სუსის კრებსებიც“ გაიხსენა და თქვა, რომ უკანონო მოსმენების გავრცელება ივანიშვილის მიერ პატრიარქ ილია მეორეზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მეუფეს პოზიციაა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროც ამოწურა.