კრიმინალი

1.3-მლრდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

6 სექტემბერი, 2026 - 16:00

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას 1.3 - მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდების საქმის ოფიციალური დეტალები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ერეკლე გუგავა შტატებში არალეგალურად ცხოვრობდა და ფულის გათეთრების მიზნით მასშტაბური თაღლითობის სქემაში მონაწილეობდა.

 გამომძიებლების თქმით, ის რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისთვის მუშაობდა.

"ეს დაჯგუფება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ თაღლითურ სქემას მართავდა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare-სა და სხვა სადაზღვევო კომპანიებს 1.3 მილიარდი დოლარი მოპარეს." - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, კოლინ მაკდონალდის განცხადებით, "გუგავა, სავარაუდოდ, დაეხმარა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური თაღლითობის განხორციელებას მოპარული შემოსავლების შიდა და საერთაშორისო ფინანსური არხებით გადაადგილებაში.

ეს საბრალდებო დასკვნა ასახავს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ თაღლითური ქსელების ყველა მონაწილემ აგოს პასუხი თავის ქმედებებზე“ საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში გუგავა ფლობდა სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას ND Medical Solutions LLC-ს, რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს.

"მისი მფლობელობის სულ რაღაც 5-თვიან პერიოდში, ამ კომპანიამ ამერიკულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare-ს, კერძო სადაზღვევოებსა და დამსაქმებელთა ფონდებს სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები გაუგზავნა სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების სახელით. სადაზღვევო კომპანიებმა გუგავას ფირმას რეალურად დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს. თაღლითური სქემის ფარგლებში გუგავა უზრუნველყოფდა მოპარული ფულის მიღებასა და გადარიცხვას. მან კომპანიის სახელით გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო. სადაზღვეოებიდან ჩარიცხულ ჩეკებს ამ ანგარიშებზე ანაღდებდა, საბოლოოდ კი, ეს მილიონობით დოლარი სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადაჰქონდა, რითაც საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება ხეირობდა" - ნათქვამია გამოძიების მასალებში. 

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, გუგავამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­შინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­დე­საც აშშ-ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. სქე­მის დასრულების შემ­დეგ, 2025 წლის ივ­ლის­ში, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერეკლე გუგავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.