პოლიტიკა

ქართველებთან მოკავშირეები ვართ ბრძოლაში ოჯახის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად | ზახაროვა

16 სექტემბერი, 2026 - 12:57

"სახელწოდებიდან გამომდინარე, მაშინვე გამახსენდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ბედისწერის განმსაზღვრელი არჩევანი გააკეთა უმსხვილეს მართლმადიდებლურ სახელმწიფოსთან - რუსეთთან კავშირის სასარგებლოდ. ტრაქტატის დადება ხსნად იქცა" | განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ოთარ რომანვ-ფარცხალაძის მიერ, ქვედანაყოფ "გეორგიევსკის" შექმნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

"ქართველები დიდი ხანია და აქტიურად ეხმარებიან უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებს, უწევენ დახმარებას ფრონტს და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას სამოქალაქო მოსახლეობას. საუბარი ხომ არ არის ერთჯერად აქციებზე, არამედ მუდმივ, ძალიან ძლიერ ჰუმანიტარულ მუშაობაზე, რომელიც ნამდვილად გულიდან მოდის. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, უამრავი ეთნიკური ქართველი მოხალისედ გაემგზავრა ფრონტის ხაზზე და დღემდე აგრძელებს მონაწილეობას, მათ შორის საბრძოლო მოქმედებებშიც. წითელარმიელ მელიტონ ქანთარიას შვილთაშვილი, რომელმაც მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რეიხსტაგზე გამარჯვების წმინდა დროშა აღმართა, მათ შორისაა, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება...

დასავლეთის ქვეყნები ახლა ცდილობენ საქართველოს ისტორიული მეხსიერება წაართვან. მათ არ ესმით, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. მათ იქაც სცადეს ძეგლების დემონტაჟი, თუმცა საქართველომ ისეთი პასუხი გასცა, რომ კიდევ უფრო მეტი ძალით გამაგრდა საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემის პოზიციებზე. ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ ესწრაფვიან დასავლელები, მათ შორის, საზოგადოების მართლმადიდებლური საფუძვლების შერყევასაც - სწორედ იმას, რაზეც სომხეთის მაგალითზე ვსაუბრობდით. მათ ისიც კარგად არ ესმით, რომ საქართველოში ეს ოინები უბრალოდ არ გავა და არც გავიდა. ისინი ცდილობენ თავს მოახვიონ ანტიღირებულებები და ამისთვის იყენებენ ამავე ისტორიებს რაღაც „ევროპულ მირაჟებზე“ და ასე შემდეგ...

ჩვენ ქართველებთან ნამდვილად მოკავშირეები ვართ ბრძოლაში, მაგალითად, ოჯახის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ღირებულებაა. ვხედავთ, რომ ამ ფრონტზეც ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობები, საკუთარი ცხოვრების წესი, ტრადიციები, ხელოვნება, კულტურა. ჩვენ ამაში ვხედავთ ჩვენს ეროვნულ მონაპოვარს და არა იმაში, რომ ვინმეს რამე წავართვათ, ან სადმე საკუთარი წესებით მივიდეთ. ჩვენ ერთად ვიცავთ ბავშვებს მავნე იდეოლოგიისგან. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვები თითქოს ბიჭები და გოგოები კი არ არიან, არამედ ლამის საშუალო სქესის წარმომადგენლები, ან საერთოდ - ვინც გინდა: შეიძლება სკამი, შეიძლება ქვაბი და მერე ცხოვრებაში თავად ჩამოყალიბდებიანო. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ამ მოხალისეთა რაზმის [ფარცხალაძის "გეორგიევსკის"] წევრებს მშვენივრად ესმით, რის დასაცავადაც აღსდგნენ. ისინი აღსდგნენ სიმართლისთვის, რომელიც სწორედ რომ სიყვარულით არის სავსე - საკუთარი ისტორიის სიყვარულით, საკუთარი წინაპრების სიყვარულით. "| ამბობს ზახაროვა.