ალილუია, სავიზო შეზღუდვები გაუქმდა...რუს და ქართველ ხალხს ერთმანეთი მოენატრათ | ზახაროვა
რუს და ქართველ ხალხს ერთმანეთი მოენატრათ, ხოლო სავიზო შეზღუდვების გაუქმება დიდი ხნის ნანატრი მოვლენა იყო | ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ მედია Tass-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის შეჯამებისას განუცხადა.
„ვფიქრობ, ქართულ დელეგაციას ამ მოედანზე [ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე] პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ამავდროულად აქტიურად ვითარდება ვაჭრობა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო. როგორც იქნა - და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვას „ალილუია“, რადგან ეს იმდენად დიდი ხნის ნანატრი იყო - სავიზო შეზღუდვები გაუქმდა. ის, რაც აქამდე მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებსა და საქართველოდან ჩამოსულ დელეგაციებს შეეძლოთ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებელს, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ მართლაც მოგვენატრა. საუკეთესო სიტყვა ეს არის: ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრათ... როგორ ხვდებიან იქ ჩვენებს, რა კარგ სერვისს სთავაზობენ. იგივეს თქმა შემიძლია რუსეთზეც. ჩვენ ველოდებით ტურისტულ ნაკადებსაც და ნებისმიერი სხვა ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ ბიზნესმიზნებით ჩამოსულებს, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებების პლატფორმებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.