საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნება სურთ | ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდნეტი ბადრა გუნბა
"დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გარშემო ვითარება რთული რჩება. ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ არიან ძალები, რომელთაც არ უარუყვიათ აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეა. ეს ჩვენგან სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ჩვენ ვაძლიერებთ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, მაღლა ვწევთ მათ საბრძოლო მზადყოფნას და ვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან...
ჩვენ ომი არ გვსურს. ჩვენი ხალხისთვის მშვიდობა და სიმშვიდე გვინდა. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ჩვენი მიწის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. დღევანდელი აღლუმი მხოლოდ გამარჯვებულთა თაობისადმი პატივის მიგება არ არის. ეს იმის დასტურია, რომ აფხაზეთს ახსოვს თავისი ისტორია და აქვს ძალა, დაიცვას თავისი სამშობლო...
ჩვენი ამოცანაა, შევუნარჩუნოთ ჩვენი დამცველების გმირობის ხსოვნა და გადავცეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ასეთ დიდ ფასად მოპოვებული მშვიდობა, რათა აფხაზეთი განვითარდეს და გაძლიერდეს, ხოლო მომავალმა თაობებმა შეძლონ თავისუფლად ცხოვრება თავიანთ სამშობლოში“ | განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ოკუპირებულ სოხუმში გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: "პატივცემულო ბადრა ზურაბის ძევ, მიიღეთ გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული არის აფხაზეთის ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთსულოვნების სიმბოლო, რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე.
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალშიც განმტკიცდება ჩვენი ხალხების სასიკეთოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხოლო აფხაზეთის ყველა მოქალაქეს - ბედნიერებასა და კეთილდღეობას"