იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 9 მოქალაქეს, 33 კომპანიასა და 35 გემს
იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 9 მოქალაქეს, 33 კომპანიასა და 35 გემს | ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ იაპონიის მთავრობამ, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. მათივე ცნობით, შეზღუდვები დაწესდა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ოთხ კომპანიასა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 35 გემზე.
სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ფიზიკური პირები. მათ შორის არიან: ვლადისლავ კოსტინი („ВНИИР-Прогресс“-ის გენერალური დირექტორი), დმიტრი ლელიკოვი („როსტეხის“ ხელმძღვანელის მოადგილე), ვასილი ბროვკო („როსტეხის“ ტოპ-მენეჯერი), იგორ ხომენკო („TROS“-ის გენერალური დირექტორი), სერგეი უშკო (იმავე კომპანიის დირექტორის მოადგილე), ვლადისლავ ლობაევი („Lobaev“-ის დამფუძნებელი), ალექსანდრე სიჩუგოვი („ვოსკრესენსკის აგრეგატული ქარხნის“ გენერალური დირექტორი) და ალექსანდრე ზახაროვი („CST LLC“-ის მფლობელი). სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიებს: „Военторг“, „ВНИИР-Прогресс“, „Alabuga Machinery“, „Уралвагонзавод“ და სხვებს.