საქართველოში საქმიანობა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმაც შეწყვიტა
საქართველოში საქმიანობა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმაც შეწყვიტა | ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი.
მათი თქმით, თბილისის ოფისის დახურვის მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის ქმედებებია.
"ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდმა, გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისის ოფისი დახურა. ეს ნაბიჯი ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ის გარდაუვალი იყო.
საქართველოს მთავრობის ქმედებები ქვეყანაში ფონდის მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარადგინა განაცხადი, რათა გაეგრძელებინა პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობას შესაბამისი ნებართვა დასჭირვებოდა. ეს პირობები თავისთავად ძირს უთხრის ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ მოქმედების თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ჩვენს განაცხადში განხილული იყო საქართველოში საქმიანობის გაგრძელებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის ყველა შესაძლო გზა, ვინც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობს. თუმცა, ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყვეს. შესაბამისად, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ისეთი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებთან იქნება თანხვედრაში.
ჩვენი ფონდი საქართველოში 2002 წლიდან იყო წარმოდგენილი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით ბევრ პარტნიორ ორგანიზაციასა და ლიბერალურ მოღვაწესთან – თავისუფალი საზოგადოებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგისთვის. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო.
ჩვენ კვლავაც გვერდში დავუდგებით ყველა ქართველს, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგისთვის იღწვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათი ხმა საზღვარგარეთაც ისმოდეს და მხარს დავუჭერთ მათ ერის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობა შესაძლებელი გახადეს. ბოლო წლებში ბევრ მათგანს სულ უფრო ხშირად უწევდა პირად რისკზე წასვლა, როცა ისინი საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიულ და თავისუფალ წესრიგს იცავდნენ. შესაბამისად, ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს" | ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ადენაუერის ფონდმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია დახურვის შესახებ.