4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე. რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას | წითლიძე
"რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე. რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას — არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს. „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება.“ გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! | წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში და გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" დაგეგმა საპროტესტო აქცია - "სახალხო კრება". მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებილებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები: "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა". დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, დააკავეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.