სარფის საბაჟოზე ავტომობილის აკუმულატორში მოწყობილი სამალავის გამოყენებით, 1 700 000- მდე ლარის ღირებულების 8 კგ/მდე ოქრო მალულად შემოიტანეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს" | აცხადებს ფინანსური.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.