იმერეთში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს | დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“." | აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.