რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში ელჩად დაინიშნა
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატო-ში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.