ამერიკის საელჩომ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთის ტერიტორია ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის ეპიდემიის სავარაუდო აფეთქების გამო
“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებ ირკუტსკის ოლქიდან, სავარაუდო ჭირის შემთხვევაზე, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ასევე ირკუტსკის საავადმყოფოებში გატარებულ საკარანტინო ღონისძიებებსა და მათ დახურვაზე. ჩვენ ყურადღებით ვაგრძელებთ სიტუაციის თვალყურის დევნებას. აშშ-ის მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის გარეთ. აშშ-ის მთავრობის პერსონალს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების გამო, შესაძლოა დაუწესდეს დამატებითი შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონებში პირად თუ ოფიციალურ მგზავრობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის მე-4 დონის მოგზაურობის გაფრთხილება (ნუ იმოგზაურებთ) რუსეთისთვის ძალაში რჩება და აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, კიდევ ერთხელ მკაცრად ეძლევათ რეკომენდაცია, არ იმოგზაურონ რუსეთში უკანონო დაკავების რისკისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.