რუსულმა დრონებმა რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში თურქული სამოქალაქო გემი ჩაძირეს - დაღუპულია ეკიპაჟის 2 წევრი
რუსულმა დრონებმა რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში უკრაინული სიმინდით დატვირთული თურქული სამოქალაქო გემი ჩაძირეს - დაღუპულია ეკიპაჟის 2 წევრი
"ორი რუსული დრონის საშინელი თავდასხმა სამოქალაქო გემზე ნეიტრალურ წყლებში, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა და თურქეთს ეკუთვნოდა“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ეკიპაჟის შემადგენლობაში აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ. თავდაპირველად ზელენსკიმ განაცხადა, რომ გემის კაპიტანი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანის ბედი უცნობი რჩებოდა, ეკიპაჟის 11 წევრი გადაარჩინეს, ხოლო ერთი დაშავდა.
მოგვიანებით რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მაშველებმა ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს და ეკიპაჟის 11 წევრი გადაარჩინეს. რუმინეთის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გემზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო.
ინციდენტი რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, სფინტუ-გეორგეს სამხრეთით, დაახლოებით 30 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში რუმინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები და ავიაციის ინსპექციის ვერტმფრენი მონაწილეობდნენ. გემი Royad Mammadov მარცვლეულით დატვირთული უკრაინიდან გამოვიდა და იტალიის პორტ რავენასკენ მიემართებოდა.