აზერბაიჯანის რკინიგზა მგზავრებს ბაქო-თბილისის რეისის ყალბი ბილეთების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს
აზერბაიჯანის რკინიგზა მგზავრებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყალბი ბილეთების გაყიდვის შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რკინიგზამ ბოლო დღეებში მოქალაქეებისგან საჩივრები მიიღო ყალბი ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით.
"ზოგიერთი ტურისტული კომპანია და სოციალური მედიის ანგარიში მგზავრებს ყალბ ბილეთებს აწვდის არარსებულ ადგილებზე." | წერს ადგილობრივი მედია.
ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამართალდამცავი უწყებები საკითხით უკვე დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყეს.
"მიიღება ზომები თაღლითობაში მონაწილე პირების, ასევე შესაბამისი სოციალური მედიის გვერდების იდენტიფიცირებისა და კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობის აღების მიზნით" | ნათქვამია აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის რკინიგზა აცხადებს, რომ ის არ თანამშრომლობს არცერთ ტურისტულ კომპანიასთან, ან შუამავალთან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე და მგზავრებს ურჩევს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ ოფიციალური ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის და რკინიგზის ბილეთების სალაროების მეშვეობით.