უცხოეთი

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

30 ოქტომბერი, 2026 - 13:58

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური პირების ზოგიერთმა განცხადებამ ძირი გამოუთხარა კონტინენტის უსაფრთხოებას

REUTERS-ის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ასეთი სახის გზავნილი მიიღეს, არიან ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. წყაროების ინფორმაციით, გაურკვეველია, გადაეცა თუ არა ორმხრივ შეხვედრებზე გაჟღერებული ეს გზავნილები ევროპის სხვა მთავრობებსაც.

REUTERS წერს, რომ არცერთ წყაროს, რომელთა შორისაც არის სამი ევროპელი და ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, არ უთქვამს, რომ ეს რჩევა კონფრონტაციული ფორმით იყო გადაცემული.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნების ყურადღება მიიპყრო ევროპელი ლიდერების იმ კომენტარებმა, რომელთა მიხედვითაც რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული და სულ უფრო სასოწარკვეთილ ზომებს მიმართავს, რადგან მისი უკრაინაში შეჭრის ტემპი უკიდურესად შენელდა.

„ჩვენ გეხმარებით. ამერიკელები აქ არიან - უბრალოდ, ხმაურს ნუ ატეხთ" | REUTERS-ის ინფორმაციით, ასე აღწერა პენტაგონის გზავნილი ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

კომენტარის თხოვნის საპასუხოდ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „მოკავშირეებს შორის პირადი საუბრები სწორედ რომ პირადია, ამიტომ ჩვენ ამ ბრალდებებზე კომენტარს არ გავაკეთებთ“.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს, ხოლო NATO-მ უარი განაცხადა.