უცხოეთი

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ | ზელენსკი

3 ნოემბერი, 2026 - 21:41

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ.
თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას აზრი ამის გამო კი არა, არამედ იმიტომ არ აქვს, რომ ის მაინც არ ჩამოვა. ზუსტად ისევე, როგორც ჩემი მოსკოვში მიწვევაა უაზრობა.
ის, რასაც რუსეთი აკეთებს, დესტრუქციულია. ეს არის უბრალოდ სულში ჩაფურთხება მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც ომის დასრულება სურს. ამიტომ მოსკოვში ვიზიტებს მხარს არავინ დაუჭერს.
ტელეფონით საუბარს რაც შეეხება – რუსეთი ამას გამოიყენებს როგორც შესაძლებლობას, რომ მომავალში აღარ შეგვხვდეს. ჩვენ გვესმის ეს თამაში და ის უპერსპექტივოა. ეს იქნება ძალიან ოფიციალური, მშრალი სატელეფონო საუბარი, სადაც მორიგ ჯერზე მომიწევს რუსეთის ფედერაციის ლიდერისგან ისტორიული ლექციის მოსმენა და არა რეალური ნაბიჯების, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი სინამდვილეში.
თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება, უნდა შევხვდეთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი – ცეცხლის შეწყვეტა" | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიაში, კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მას კითხვა პუტინთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე დაუსვეს.

დღესვე ზელენსკისგან ცნობილი გახდა, რომ 4 ნოემბერს ბრიუსელში, უკრაინას, აშშ-ს, ევროპასა და NATO-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. . მოლაპარაკებების დღის წესრიგის დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, თუმცა ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება.